საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თავმჯდომარეებსა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას ეხება.
”ბიზნესპრესნიუსი” ფადი ასლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
”იმასთან დაკავშირებით, რაც თბილისის აეროპორტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თავმჯდომარეებსა და გენერალურ მდივნებს შეემთხვათ და მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციამ აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილი იყო ა.წ. 25 აპრილს 10 საათზე, ჩემი არდაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ეს შეხვედრა გაუქმდა, მსურს განვაცხადო შემდეგი:
1. ძალიან მაღალი დონის ბიზნესმენების ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პოპულარიზაცია და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს მიმზიდველობა გვეჩვენებინა მათთვის
2. მე ღრმად ვწუხვარ იმის გამო, რო 22 აპრილის საღამოს დელეგაციას მოუწია საათნახევრიანი ლოდინი და საპასპორტო კონტროლზე დამამცირებელი მოპყრობის ატანა; თუმცა, მას შემდეგ, რაც დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ყველაფერი მოგვარდა და დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში შემოუშვეს. სხვა წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ამ ინციდენტის შემდგომ ჩამოფრინდნენ, ყოველგვარი შეფერხების თუ პრობლემის გარეშე იქნენ შემოშვებულნი. მინდა მადლობა გადავუხადო ბ-ნ გურამ დავითაშვილს, საპატრულო პოლიციის საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც, ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ზედმიწევნით იზრუნა, რომ დარჩენილ სტუმრებს საზღვარი შეუფერხებლად გადმოეკვეთათ.
3. 24 აპრილს ჩემს თანამშრომლებს შეატყობინეს პრემიერის პროტოკოლის სამსახურიდან, რომ არ ვიყავი დაშვებული 25 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე; პროტოკოლის წარმომადგენელმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენ.მდივანს განუცხადა შემდეგი: „ასე მითხრეს, რომ ფადი ასლი ამ შეხვედრას არ დაესწრება“. მას არ დაუდასტურებია, რომ ეს პრემიერ მინისტრის მითითება იყო. დელეგაციასა და პრემიერ მინისტრის შეხვედრაში ჩემთვის მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შეხვედრა გააუქმა.
4. იმ პერიოდიდან, როდესაც ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო და დღემდე, გიორგი კვირიკაშვილის კარი ყოველთვის ღია იყო ჩვენი პალატისთვის და პირადად ჩემთვის. იგი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პატივცემული პოლიტიკოსია საქართველოში, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვინც ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებს.
5. რამდენადაც მე მომეხსენება, ჩემი შეხვედრიდან ჩამოცილების გადაწყვეტილება პრემიერ მინიტრს არ ეკუთვნოდა.
6. აეროპორტის ინციდენტმაც და შეხვედრის გაუქმებამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. შესაბამისად, უნდა უკან მოვიტოვოთ ეს ინციდენტები და ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე, რათა არაფერი მსგავსი აღარ განმეორდეს ვიზიტორებსა თუ ინვესტორებთან.
7. მივმართავ თხოვნით პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს საკეთილდღეოდ, თავი შეიკავონ ამ ინციდენტის პოლიტიზირებისგან. რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ
არავისგან მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას, ხოლო სტუმრებს საქართველოს სახელით ჩვენ თვითონ მოვუბოდიშეთ.
8. საერთაშორისო სავაჭრო პალატა კვლავაც მხარს დაუჭერს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, მაგრამ ამასთან ერთად, ყოველთვის გამოვამზეურებთ ყველას, ვინც ცდილობს კულისებს უკან ძირი გამოუთხარონ ბიზნეს კლიმატს მოსამართლეებზე თუ პატიოსან სამთავრობო მოხელეებზე ზეწოლის მეშვეობით.” - წერს ფადი ასლი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.