კოოპერატივი „ზოდის ჩაი“ პროგრამა - „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჭიათურის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
კოოპერატივი „ზოდის ჩაი“ პროგრამაში 2017 წლის 29 მარტს ჩაერთო და 9.05 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 22 500 ლარს შეადგენს, აქედან სამუშაოების 80% - 18 000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის ყველა საჭირო მანქანა-დანადგარი. პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარლგებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 17 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 515.89 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1 285 989 ლარი, საიდანაც 924 226.80 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.