ქვემო ფონიჭალაში 118 ნომერი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

ქვემო ფონიჭალაში 118 ნომერი მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, კომპანიამ და თბილისის მერიამ მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, კერძოდ, ნება დართეს მიკროავტობუსები კვლავ გაზზე ამუშაონ.

,,ეს არ არის მხლოდ #118 მიკროავტობუსების მძღოლების პრობლემა. შემოდგომაზე მათ ნება დართეს ეკონომიის მიზნით მიკროავტობუსები ბენზინიდან გაზზე გადაეყვანათ, ახლა კი განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით ტრანსპორტი კვლავ ბენზინზე უნდა ამუშაონ. არადა თითოეულმა მძღოლმა სერიოზული ხარჯი გასწია, მათ მიკროავტობუსის ბენზინიდან გაზზე გადაყვანა 8 ათასიდან 10 ათას ლარამდე დაუჯდათ. კომპანია და თბილისის მერია დათანხმდა მათი მოთხოვნის შესრულებაზე და ნება დართო კვლავ გაზზე ამუშაონ მიკროავტობუსები, თუმცა როდემდე იქნება ეს უცნობია", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

”თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განმარტეს, რომ დედაქალაქის მასშტაბით არც ერთი მიკროავტობუსი საწვავად ბუნებრივ აირს აღარ გამოიყენებს და ბენზინსა და გაზს შორის არსებულ ფინანსურ სხვაობას ”თბილისის მიკროავტობუსი” დაფარავს.

„არც ერთი მიკროავტობუსი ამ დროისთვის გაფიცული არ არის“, - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსში”.