2017 წელს 271 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს.
მიმდინარე წელს საჯარო სამსახურის ბიურო შეამოწმებს 1 მინისტრის, პარლამენტის 14 წევრის, 6 მინისტრის მოადგილის, 7 სსიპ-ის ხელმძღვანელის, 13 მოსამართლის, 3 პროკურორის, 2 დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლისა და 1 სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის ქონებრივ დეკლარაციას.
ამ თანამდებობის პირთა შორის არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; პრეზიდენტის მრჩეველი - პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე; თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ბერიკაშვილი მანანა; შს მინისტრის მოადგილე - ზურაბ გამეზარდაშვილი; პარლამენტის წევრები დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, აკაკი ზოიძე, გუგული მაღრაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ 271 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციებიდან - 268 დეკლარაცია შემთხვევითი შერჩევის წესით; ხოლო 3 თანამდებობის პირის ( ზვიად კვაჭანტირაძე - პარლამენტის წევრი; თამაზ ნავერიანი - პარლამენტის წევრი; სამსონ თამარიანი - წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე) დეკლარაცია - წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეირჩა.
2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი.
დეკლარაციების მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.
მონიტორინგის მიზნებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს სამი გზით: ა) ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციები.
თითოეულ შემთხვევაში, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქცია საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილებით დაამტკიცა.
თუმცა, როგორც „საიას“ კვლევაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ დადგენილების დაგვიანებით დამტკიცების გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რადგან დამოუკიდებელი კომისია უნდა შექმნილიყო 15 დეკემბრამდე და შესამოწმებელი დეკლარაციები უნდა შეერჩია 15 იანვრამდე.
„დამოუკიდებელი კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას შესამოწმებელი დეკლარაციების შერჩევის პროცესში (3 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელი).
„იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი კომისია არ შეიქმნა, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის და მინისტრის მოადგილის - კახი კანდელაკის თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი.
„მოთხოვნის წინაპირობას წარმოდგენს საიას მიერ 2016 წლის დეკემბერსა და 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მინისტრის და მოადგილის სავარაუდო კავშირზე მიუთითებს შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“. აღნიშნულ კომპანიას დღემდე აქვს სახელმწიფოს ვალი 1,189,722 ლარი, ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოდგენს“,-აღნიშნულია კვლევაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წელს ნაწილობრივ სრულდება.