საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი კომერციული ობიექტების აბრებზე უცხოენოვანი წარწერის ქართულ ენაზე გადმოცემის საკითხს ეხმაურება.
როგორც ბიზნესომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია სახელმწიფო უწყებები გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდნენ ბიზნესს და ხელს უშლიდნენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების (საქონლის/მომსახურების ხარისხის/სტანდარტის) საქართველოში გაზიარებას.
„ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით მართლაც დადგენილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერის სახელმწიფო ენაზე შესრულების ვალდებულება. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აბრის განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის სანქციაა დაწესებულია.
„თუმცა, ნორმათა სწორი და სისტემური განმარტების პირობებში, აღნიშნული ვალდებულება (და, შესაბამისად, სანქცია) არ უნდა გავრცელდეს სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებზე, ვინაიდან, ამის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
„ჯერ ერთი, სასაქონლო ნიშანი არ არის წარწერა, რომელიც უნდა წაიკითხო და გაიგო, სასაქონლო ნიშანი არის გამოსახულება, რომელიც უნდა აღიქვა, დაიმახსოვრო და რომელიც უნდა ასოცირდებოდეს გარკვეულ ხარისხთან/სტანდარტთან. მას მარკეტინგული დანიშნულება აქვს და არა საინფორმაციო.
„აღნიშნული მოსაზრება გამყარებულია ასევე „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან.
„სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა, ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
„მეორე - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.
„აღნიშნული კანონის საფუძველზე, სასაქონლო ნიშანი დაცულია არა მხოლოდ კერძო პირთა მხრიდან ხელყოფისგან, არამედ - სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგანაც და მასზე არ უნდა გავრცელდეს ნებისმიერი სხვა ფორმით (გარდა იმ ფორმისა, რა ფორმითაც იგი დაცულია) შესრულებისა და გავრცელების ვალდებულება, ვინაიდან, მისი მნიშვნელობა ვლინდება სწორედ მის ინდივიდუალობასა და ორიგინალურობაში, რითიც ის ხდება ცნობილი საქონლის/მომსახურების მომხმარებლის შესაბამისი სეგმენტისთვის.
„მესამე - საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამ ვალდებულებას სახელმწიფო მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნითა და სრულყოფით ახორციელებს. ვინაიდან სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სიმბოლო/სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლითაც ხდება პროდუქტის ინდივიდუალიზაცია და მისი დაკავშირება კონკრეტულ მწარმოებელთან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმათა იმგვარი გაგება, რომ ეს ნორმები ასევე ვრცელდება „საქპატენტში“ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებზე, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
„აბრაზე სასაქონლო ნიშნის განსხვავებული ფორმით შესრულების/გადმოცემის ვალდებულების დაწესებით, მეწარმე სუბიექტი იძულებული ხდება, სასაქონლო ნიშანში ასახული ინფორმაცია მისი შინაარსის, სტილის, ტონისა და კონტექსტის გათვალისწინებით გადაიტანოს ერთი ენიდან მეორე ენაზე, რასაც, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა არ ჰქონდეს მომხმარებელზე ისეთივე ეფექტი, როგორიც მხოლოდ ავთენთიკურ სასაქონლო ნიშანს ექნებოდა და გაუმართლებელია მარკეტინგული თვალსაზრისით.
„ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ოპერირებადი ზოგიერთი საერთაშორისო (ბრენდ) კომპანია ვერ ახერხებს ტექსტობრივი ფორმით შესრულებული სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე გადმოცემას, ვინაიდან „ლოგოს“ თარგმნა თუ ტრანსლიტერაცია სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანიებისგან აკრძალული აქვთ. ამ პირობებში კი, დაუშვებელია სახელმწიფო უწყებები გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდნენ ბიზნესს და ხელს უშლიდნენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების (საქონლის/მომსახურების ხარისხის/სტანდარტის) საქართველოში გაზიარებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმაშეფარდების პროცესში არასწორი პრაქტიკის დამკვიდრების პრევენციის მიზნით, განვმარტავთ, რომ მეწარმე სუბიექტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გამოიყენონ/განათავსონ მათი კუთვნილი სასაქონლო ნიშნები იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი შესრულებულია ორიგინალში, დაცულია დადგენილი წესით და გამართლებულია მათი გამოყენება მარკეტინგული თვალსაზრისით,“-ნათქვამია განცხადებაში.