საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 0.1%-ით შემცირდა

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით, 0,1%ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 3 718,2 ათასი კაცი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ.

ქვეყნის მოსახლეობის 57,2% (2 128,6 ათასი კაცი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში; ხოლო 42,8% (1 589,6 ათასი კაცი) - სასოფლო დასახლებაში.

წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0,1%ით გაიზარდა და 1 781,5 ათასი კაცი შეადგინა; ხოლო ქალების წილი 0,2%-ით შემცირდა და 1 936,7 ათასი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 47,9% მამაკაცი, ხოლო 52,1% - ქალია.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19,5% შეადგინა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილმა - 66,1%. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი კი 14,5 პროცენტია.

0-64 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2016 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას 72,7 წელს შეადგენდა, მათ შორის მამამაკებისათვის 68,3 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77,2 წელს.

რაც შეეხება მიგრაციას, საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 98,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4%-ით მეტია.

იმავე პერიოდში იმიგრანტების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 2,5%-ით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. შედეგად, 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა.