ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა , - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.
კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.