დედაქალაქის საკრებულო თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე 65 საკითხს განიხილავენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი, ბიუჯეტის 2016 წლის შესრულებას შეეხება.
როგორც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულომ პირველ მაისამდე უნდა განიხილოს ბიუჯეტის შესრულება.
დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს განიხილავენ. სამუშიას განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 803 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც ათვისებულია 788 მილიონი ლარი, ანუ ბიუჯეტის 99%.
”კანონის შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკრებულოს სარევიზიო კომისიამ დასკვნა უნდა წარმოადგინოს. საკრებულოს წევრები სხდომაზე ყურადღებას გაამახვილებენ თუ როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების ხარჯვა პრიორიტეტების შესაბამისად და რამდენად დამაკმაყოფილებელია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულება”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.