აჭარაში, რვა დასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის, 89 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაბა ჩაქვში აღნიშნულ ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 122 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონა. პროცედურები მოქალაქეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.
„ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც ყველაზე მთავარია, შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება გარკვეული დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლები მოქალაქეებს ექნებათ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, დევნილებს დაუკანონდათ ბინები, რაც სწორი მენეჯმენტი, სწორი მუშაობა და სწრაფი რეაგირებაა ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის.
„თქვენ იცით, რომ სულ ახლახან აჭარის მთავრობას ეს ტერიტორია საკუთრებაში გადმოგვეცა. განკარგულება არსებობს და უახლოეს დღეებში სიმბოლურ ფასად ჩვენს დევნილებს ეს ფართები გადაეცემათ. უახლოეს დღეებში ორგანიზებულად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოხდება ამ ფართების დაკანონება. შემდგომში მოეწყობა ტერიტორია“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობას წარედგინა ინიცირება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 136 საკადასტრო ერთეული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 113 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე ბრძანების პროექტი წარედგინა, რის შემდეგაც საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ბრძანება გამოიცა.