ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ფრანგულ კომპანია „კლასტერ მონტანას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, „კლასტერ მონტანა“ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სამთო კურორტების მართვაში ჩართულ ყველა მსხვილ ფრანგულ კომპანიას აერთიანებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში თანამშრომლობას, სათხილამურო ინდუსტრიისა და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას გულისხმობს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, სამთო სფეროში დასავლური მართვის მეთოდების სიღრმისეული გაცნობა, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, სემინარებში ჩართულობა და სამთო სფეროში გამოცდილების გაზიარება, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოში სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და ტურიზმის განვითარებას.