ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი" ბაზარზე უცხოური კომპანიების დემპინგური ფასებით ოპერირების შესახებ საუბრობს.
როგორც "ჯორჯიან ეარვეიზის" განცხადებაში ვკითხულობთ, ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა "აეროფლოტი", "თურქიშ ეარლაინსი" და ა.შ. მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებას.
კომპანიის ცნობით, უცხოურ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს.
"მუდმივად არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვიხდება მუშაობა. რადგან ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა "აეროფლოტი", "თურქიშ ეარლაინსი" და ა.შ. რომლებიც თავიანთი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას. უფრო მეტიც, უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც შეღავათებით სარგებლობენ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს. გვსურს შევახსენოთ მათ, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში კი საქართველოს ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარი აქვს შეტანილი და ხუთასზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს დასაქმებული. ამასთან, ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისაგან," - ნათქვამია განცხადებაში.