თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება“ , - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ტყემალაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი იმისათვის მოიკლო, რომ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეახსენა, რომ სატრანსპორტო კომპანიებთან ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად აღნიშნულ კომპანიებს ტარიფის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობა ქონდათ, დედაქალაქის ხელისუფლებაში სწორედ მათი ყოფნის პერიოდში გაფორმდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.
მათივე ინფორმაციით, როგორც გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი გაეწიათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
,,რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდათ და სწორედ ამის ხარჯზე სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა აღარ მოხდება’’,-აღნიშნა ტყემალაძემ.