ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა/არ გადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს.
„ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი ჩვენ არ წარგვიდგენია. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს გადატანა/არ გადატანაზე, ეს არის მერიის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, ისე რომ თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 მაისს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია. ჩვენ მზად ვართ, ყველა შენიშვნა, რომელსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც გენერალური გემის შესახებ შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.
სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პროექტი ნანახი აქვს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი განხილვის საგანია.
“განხილვის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. „ელიავას ბაზრობა“ სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ალტერნატივები შევთავაზოთ მათ”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
აფბა-ს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება-დამტკიცება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან, თუმცა, პარალელურად „სითი ინსტიტუტს“ აქვს გეგმა, რომ ელიავას ბაზრობა ქალაქის გარეუბანში გადავიდეს, არსებული ტერიტორია კი მთლიანად სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს. მათივე ცნობით, „ელიავას ბაზრობის“ ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
„უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს. პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს. ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 000-ს აღწევს“, - აცხადებენ აფბა-ში.