განათლების სამინისტრომ ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა

პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროდან იუწყებიან, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

„სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი. ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება“, - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.