ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე 2017 წელს აჯამებს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"განვლილმა ოთხმა თვემ თვალნათლივ წარმოაჩინა როგორც მიღწევები და პოზიტიური ძვრები, აგრეთვე სააშკარაოზე გამოიტანა ის გამოწვევები, რომლის წინაში დგას საქართველო და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა 2017 წლის მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
პოზიტიურ შედეგს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რომელიც სტაბილურად 5 % წლიურ ზრდას აჩვენებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს ზრდა მიღწეულია ტრადიციულად მძიმე პერიოდში (იანვარ - აპრილი).
ამასთანავე, ეს მაჩვენებელი აღემატება საკუთრივ დასახულ მაჩვენებელს - 4 % წლიურ და აგრეთვე საერთაშორისო პროგნოზს, რომელიც 3,8 % წლიურზე იყო გათვლილი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს მთავრობამ და მისმა ფისკალურმა აგენტმა - ფინანსტა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა. ამ მხრივ მიღწეული სტაბილურად მაღალი ნაშთი სახაზინო ანგარიშზე - 850 მლნ დან - 1040 მლნ ლარამდე - ამის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. შედეგად გვაქვს ცალსახად დადებითი საბიუჯეტო შედეგები.
ამასთანავე სახეზეა რიგი რისკი და გამოწვევა, რომლის გადალახვა სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ვერ მოხერხდა და ეს რისკები თავს იჩენს მომდევნო პერიოდში:
- მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/სტაგნაცია – ანაკლია, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, რიკოთი და რიგი სხვა. თუ ერთ ნაწილში (ანაკლიის პორტი, ჰესები) - სახეზეა პროექტების ჩავარდნისა და გადაწევის რისკი, ჯერ ჯერობით იმედის მომცემია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტი.
ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორისთვის საგარეო ვალების გადახდის მხრივ უმწვავეს 2017 წლის განმავლობაში ყოველი ასეთი პროექტი ჰაერივით მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ პროექტებით მოიზიდება ასობით მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კერძო სექტორის მიერ (კომერციული ბანკები და არასაბანკო სექტორი) გადასახდელ 4,7 მლრდ აშშ დოლარის საგარეო ვალს, საიდანაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით 875 მლნ აშშ დოლარი უკვე 2017 წლის მიჯნაზე გადასულია „დაუყონებლივ“ მუხლში - ანუ ვერ მოხერხდა მათი დროული დაფარვა და სესხი მნიშვნელოვანი ჯარიმით გადმოსულია 2017 წელს.
რამოდენიმე წლის წინ დაანონსებული პროექტების დროზე ვერ განხორციელების შემთხვევაში საგარეო ვალის ტვირთი და ვალების მომსახურებაზე გასაწევი ხარჯი მკვეთრად იმატებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ლარის სავალუტო კურსის სტაბილიზაციას.
ამ მხრივ აუცილებელია საგარეო ვალებთან გამკლავება და ამისთვის სავალუტო სტაბილურობა.
გამოცხადებული ლარიზაციის პროგრამის წარმატება და ლარის, როგორც სრულფასოვანი ვალუტის ქცევის მიზნით, აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება, ოღონდ არა საბანკო ოლიგოპოლიის კარნახით, არამედ დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფით, ისე როგორც ეს იყო ბაზრის დანგრევამდე - 2000 – 2007 წწ.
ასევე კარდინალურად შესაცვლელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის დებულებები და მონაწილეობის წესები.
მანამ, სანამ საბანკო ოლიგოპოლია და ეროვნული ბანკი აკონტროლენებ კომერციული საბანკო სესხის ალტერნატიული რესურსს - კაპიტალის ბაზარს - ფუჭია მოლოდინი ლარიზაციის წარმატებაზე.
ამაზე მოწმობს სტატისტიკაც - თვით კომერციული ბანკების მიერ მოზიდული რესურსის მხოლოდ 20 – 30% შეადგენს ლარს.
ამასთანავე, ღიმილის მომგვრელია რიგი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დაანონსებული კაპიტალის ბაზრის განვითარება ვითომ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიით.
უბრალოდ სირცხვილია, როდესაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ლარში ფასიანი ქაღალდის გამოშვებას (ბონდებს), რომლის ერთი ცალის ნომინალური ღირებულება არის 1 მლნ ლარი?! და რომლის 100% მყიდველი არის მხოლოდ კომერციული ბანკები?!
რაც კიდევ უფრო სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) - ასეთი გზით „კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“ ეს სტრუქტურები სესხს აძლევენ კომერციულ ბანკებს, რომ კომბანკებმა ამ სესხით შეიძინონ მათ მიერ გამოშვებული ბონდები...
მართლა ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული?:)
განსაკუთრებით პრობლემატურად მიმაჩნია ის ინსტიტუციონალური კრიზისი მონეტარულ პოლიტიკაში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ფულად - საკრედიტო პოლიტიკის გამო სუფევს ქვეყანაში - საბანკო ოლიგოპოლიის ხელშეწყობა, ჩაგდებული გალარების პროგრამა, ლარიზაციის არაეფექტური წარმართვა, გაუგონარი ოდენობის რეფინანსირების სესხები, არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა, რაც ყოველგვარ ლოჰიკას მოკლებული ლარის კურსის დღენიადაგ რყევაში გამოიხატება.
ყოველივე ამის შედეგია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტიტუციონალური ნდობის დაკარგვა, რაც დადასტურდა IRI ( საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) ბოლო კვლევით." - წერს ასლანიშვილი