თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაზე“ წვდომა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Hurriyet ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.
„თურქეთის ნომერ 5651 კანონის შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ wikipedia.org-თან მიმართებაში ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება“, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ უცნობია.
თურქეთში ნომერ 5651 კანონი წარმოადგენს „ინტერნეტ-მაუწყებლობისა და ინტერნეტ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონს. კანონს არაერთხელ აკრიტიკებდა თურქეთის ოპოზიცია, ვინაიდან, მათი აზრით, ის არა მარტო არღვევს სიტყვის თავისუფლებას, არამედ სერიოზულადაც ზღუდავს მოქალაქეების ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.