„ფერარის“ დიზაინის ცენტრმა თავის ისტორიაში პირველად შეიმუშავა საოფისე სავარძელი, რომელსაც მალე სერიულად გამოუშვებს. ის ორ ვარიანტად შეიქმნა - პრეზიდენტი და ექსეკუტივი. მათი ფასი, შესაბამისად 10 და 7.5 ათასი ევროა. სავარძლებს ავეჯის მწარმოებელი იტალიური კომპანია „პოლტრონა ფრაუ“ გამოუშვებს.
სავარძლებს ძირითადად ორი მასალისგან დაამზადებენ. ერთი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტი, მეორე კი - ალუტექსი, რაც ალუმინით არმირებული შუშაბოჭკოვანი კომპოზიტია. მასალას და სავარძლის ფერს შემკვეთი თავად აირჩევს. სავარძლების გადასაკრავად იმავე მასალებს გამოიყენებენ, რომლებითაც „ფერარის“ ავტომობილების ინტერიერი ფორმდება.
„ფერარის“ მიერ შემუშავებული საოფისე ავეჯის შეკვეთა ნოემბერ-დეკემბერში იქნება შესაძლებელი.
ცნობისათვის, საოფისე სავარძლები ”ფერარიმდე” „პორშემ“ შეიმუშავა. იგი ელექტრო მარეგულირებლითაა აღჭურვილი და 6.57 ათასი დოლარი ღირს.