ჩინეთი და ევროპის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავენ

ჩინეთი და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მთვარეზე დასახლებული ბაზის ერთობლივად შექმნას აპირებენ.

ამის შესახებ ჯერ ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სამმართველოს გენერალურმა მდივანმა ტიან იულუნმა განაცხადა, შემდეგ კი ინფორმაცია ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა.

„ჩინეთი უკვე შეუდგა მეტად ამბიციური კოსმოსური პროგრამის განხორციელებას. კოსმოსური კვლევები 1960-იანი წლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა“, - განაცხადა "ბლუმბერგთან" საუბრისას ESA-ს წარმომადგენელმა პოლ ჰვისტენდალმა.

ESA-ს გენერალური დირექტორი იოჰან-დიტრიხ ვორნერი მთვარის ბაზას „მთვარის სოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ სოფელს აქვს პოტენციალი, მარსზე მომავალი მისიების ბაზა გახდეს. გარდა ამისა, ვორნერი მთვარეზე არც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას გამორიცხავს.

კოსმოსში ფრენების შესაძლებლობათა მქონე სახელმწიფოებს შორის, ჩინეთმა სხვებზე გვიან დაიწყო კოსმოსში პილოტირებული მისიების გაგზავნა. პირველი ჩინური მისიით, კოსმონავტი იან ლივეი კოსმოსში ხომალდ „შენჯოუ 5-ით“ 2003 წელს გაფრინდა. ამის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალმა ქვეყანამ, კოსმოსური პროგრამები მკვეთრად გაააქტიურა. ამჟამად ჩინეთს უკვე 10 კოსმონავტი ჰყავს.

რამდენიმე კვირის წინ ჩინეთმა საკუთარ ორბიტალურ სადგურ „ტიანგუნ 2-ზე“ უპილოტო ხომალდი გაგზავნა. ეს სადგური ცისქვეშეთელებმა შარშან გახსნეს, მაგრამ იქ ჯერჯერობით კოსმონავტები არ მიუვლენიათ. თუმცა, ამ სადგურისკენ მალე პილოტირებადი მისია გაეშურება და მასზე ორი კოსმონავტი დაახლოებით ერთ თვეს გაატარებს. წლის ბოლოს კი ჩინელები მთვარეზე მისიას (ჩან’ე 5) გააგზავნიან, რომლის მიზანიც, ჩვენი პლანეტის თანამგზავრიდან, მინერალების სინჯების ჩამოტანა იქნება.

პარალელურად, ევროპის კოსმოსური სააგენტო ჩინურ ორბიტულ სადგურზე ფრენებს (მათ შორის პილოტირებადსაც) დაიწყებს. ჰვისტენდალის თქმით, ESA ჩინელების მთვარის მისიის და მათ მიერ იქიდან ჩამოტანილი სინჯების ანალიზში მიიღებენ მონაწილეობას.

მთვარის პროგრამის გარდა, ჩინეთი და ESA თანამშრომლობას კოსმოსური ტურიზმის სფეროშიც გეგმავენ. აქ მათ კონკურენცია მოუწევთ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან, რომელიც მომავალ წელს კოსმოსში ტურისტული მისიით ორი ადამიანის გაგზავნას აპირებს. პროექტის მიხედვით, ისინი მთვარეს შემოუფრენენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ბილეთი უკვე გაყიდულია.