სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამოა გამოწვეული

აჭარის ა/რ მთავრობა განმარტავს, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, აჭარის ა/რ მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

”აჭარის ა/რ მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით. აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო.

თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ აღინიშნა მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილების კუთხით შეფერხებებია.