პროექტი ,,ისწავლე და იმუშავე’’ - ახალი შესაძლებლობები დასაქმების მსურველებისთვის

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” სივრცეში დასაქმების ახალმა პროექტმა ”ისწავლე და იმუშავე” აიღო სტარტი. პროექტის ინიციატორია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანია „პალიტრა მედია ჰოლდინგი’’.

შერჩევის ეტაპების გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატები სრულიად უფასოდ გადამზადდებიან. ერთთვიანი ინტენსიური სწავლებისა და პარაქტიკების გავლის შემდეგ პროექტის საუკეთესო მონაწილეები ჰოლდინგის სხვადასხვა კომპანიაში დასაქმდებიან.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის’’ პროექტ ,,ისწავლე და იმუშავეს’’ მიზანია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები სრულიად უფასოდ გადამზადდებიან შრომის ბაზარზე ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში და მათთგან საუკეთესოები ჰოლდინგში დასაქმდებიან. მიმაჩნია, რომ ბიზნესი აქტიურად უნდა ჩაერთოს დასაქმების მსურველების გადამზადების პროცესში და ხელი შეუწყოს კადრების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას” - განაცხადა ,,პალიტრა ჯგუფის’’ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ფეიქრიშვილმა.

პროექტის მონაწილეები შეისწავლიან: გაყიდვების მენეჯმენტს, მოლაპარაკების ტექნიკებს, რეკლამის გაყიდვებსა და კონტენტ მარკეტინგს. სასწავლო კურსს წარუძღვებიან როგორც ჰოლდინგში დასაქმებული წამყვანი სპეციალისტები, ისე მოწვეული ტრენერები. ერთ-ერთი მათგანია ”პალიტრა ჯგუფის” ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი თეა თაბაგარი, რომლის თქმითაც, მონაწილეებს მიღებული ცოდნა სხვა კომპანიებში დასახმებისთვისაც დაეხმარება.

”პროექტის ფარგლებში ძალიან სიღრმისეულად შევასწავლით სარეკლამო გაყიდვებს. ეს არ იქნება ზედაპირული ინფორმაციის გაზიარება. ახალგაზრდებს ბაზარზე არსებულ ყველა მნიშვნელოვან პროდუქტს გავაცნობთ და ავუხსნით იმ ტექნიკებს, რომლებიც ამ პროდუქტების გაყიდვისთვისაა საჭირო. ამ პროდუქტების ცოდნა კი მათ სხვა მიმართულებით, მაგალითად, მარკეტინგში დასაქმებაშიც დაეხმარება,” - აღნიშნა თეა თაბაგარმა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი. მარიამ სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა.

”ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ, მაგრამ გაყიდვების მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესოა. პროექტის შესახებ გავიგე თუ არა, დავინტერესდი და მონაწილეობა გადავწყვიტე. დღევანდელი პრეზენტაციაც საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო იყო. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის საშუალებით დიდ გამოცდილება მივიღებ,” - თქვა მარიამ სამხარაძემ.

პროექტში მონაწილეების გადამზადება მომავალი კვირიდან ,,პალიტრა მედია ჰოლდინგის’’ ტრენინგების ცენტრში დაიწყება.

”პალიტრა ჯგუფი” 22 წელია ბაზარზეა და ის 23 წევრ კომპანიას აერთიანებს. საერთო ჯამში ჰოლდინგში 1800 დასაქმებულია.