ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის შესახებ წერს
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"2016 წლის ივნისიდან ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას წარუდგინა და აამოქმედა ეროვნული ვალუტის სტიმულირების ღონისძიებები. სხვა დანარჩენთან ერთად, ყველას რომ გაეგო ამ „დიადი მიზნების“ შესახებ, ეროვნულმა ბანკმა დოლ-გარმონით და დუდუკით გააბრუა მთელი მსოფლიო და არც შერჩეული ჟურნალისტები, კარის ექსპერტები და არასამთავრობოები დატოვა უყურადღებოდ საკვირაო პიკნიკებით თვალწარმტაც ბუნებაში.
მაგრამ ეკონომიკამ რა მიიღო? მიაღწია ეროვნულმა ბანკმა რამე ხელშესახებ შედეგს?
ანაბრებში ლარიზაციის კოეფიციენტი კვლავაც 30% – იმ ნიშნულზეა, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა დედოლარიზაციის დაწყებამდა ერთი წლის წინ (ფიზიკური პირებისთვის – 20%). მეტიც, დედოლარიზაციით ეროვნული ბანკი მოჰყვა ავარიაში, ფეხი მოიტეხა, და საფუძველი დაუდო ინსტიტუციონალურ კრიზისს მონეტარულ ხელისუფლებაში.
რა მაშხალების გასროლა და ფოჩიანი კანფეტების ფრიალი იყო საჭირო იმის გასაპიარებლად, რომ ეროვნულ ბანკს თურმე ლარის სტიმულირება სურს ?! – ეროვნული ბანკი თავად არის ლარის ერთადერთი მესვეური, ეროვნულ ვალუტაში ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზეც, ანაბრებზეც, სესხებზეც, პროცენტებზეც, კურსზეც და საერთოდ ფინანსურ სტაბილურობაზე ამ ქვეყანაში, და მის საქმეს სხვა ხომ არ გააკეთებდა?
ნუთუ არ უნდა დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ სიტყვა „დედოლარიზაცია“ გამოიწვევდა ცრუ მოლოდინებს და, სანამ სერიალებში გაშარჟების ობიექტად არ გაიხადა თავი, მანამდე ვერ მიხვდა ეროვნული ბანკი, რომ თავის ვებ–გვერდზე წაეშალა სიტყვა „დედოლარიზაცია“ და ჩაენაცვლებია სიტყვა „ლარიზაციით“....
სიტყვა „დედოლარიზაცია“ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში რიგითი მომხმარებლისთვის ლარის წახალისებას კი არ ნიშნავს, არამედ დოლარის აკრძალვას.
როდესაც 70–80 წლის პენსიონერს, ემიგრაციაში მყოფი დიდი ხნის უნახავი შვილი 100 დოლარს უგზავნის, მას სიტყვა „დედოლარიზაციის“ გამგონეს, არ გაუჩნდება იმის შიში, ბანკი მომცემს თუ არა უცხოეთიდან გადმორიცხულ საკუთარ თანხას დოლარშიო?
ასეთი წინდაუხედავი, გაუთვლელი და უპასუხისმგებლო ლაფსუსებით თავად ეროვნულმა ბანკმა გააუფერულა მის მიერვე დაანონსებული აქცია. ჩანაფიქრი იყო კარგი, მაგრამ განხორციელება იყო ოროსნის დონეზე!
ვინ მივიღეთ? დაბნეული საზოგადოება, დამფრთხალი მეანაბრეები და საკუთარ ქაოსშივე გახვეულიდა ფეხმოტეხილი ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ გაართვა ელემენტარულ ნიუანსებს.
ასეთ კრიტიკულ პერიოდში ეროვნული ბანკი გამოიყურება როგორც გალიაში გამომწყვდეული უკბილო არსება, რომელიც საბანკო ოლიგოპლიას არა თუ ვერ გაუმკლავდა, არამედ გახდა მისი მძევალი, ხოლო არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკით, ცრუ მოლოდინების შექმნით და დაუდევარი საზედამხედველო პოლიტიკით ხელი შეუწყო სხვადასხვა ეტაპებზე საბანკო ოლიგოპოლიის განმტკიცებას.
ჩემი აზრით, 1992–1994 წლების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი იმყოფება ყველაზე დიდ ინსტიტუციონალურ კრიზისში. ამას ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 80% უნდობლობას უცხადებს ეროვნულ ბანკს და ნეგატიურად ახასიათებს მის საქმიანობას და ამით ის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ბოლო ადგილი უჭირავს - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!
შესაბამისად, ბატონ კობა გვენეტაძის ნებისმიერი მცდელობა, გადაფაროს კრიზისი, არის ჩანასახშივე განწირული. ბატონი კობა გვენეტაძე თავად არის ამ კრიზისის მთავარი ავტორი, და მანვე უნდა აგოს პოლიტიკურად პასუხი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საბანკო ოლიგოპოლიის ხელშეწყობის, არშემდგარი დედოლარიზაციის, რეფინანსირების პირამიდის, სავალუტო ბაზარზე ყოველკვირეული ბეზპრეძელების, სესხების გალარების პროგრამის ჩავარდნის გამო," - წერს ასლანიშვილი.