მთავრობამ, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების, თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის წესი დაამტკიცა. დადგენილება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, იერარქიული რანგისათვის შესაბამისი სპეციალური მოთხოვნების დადგენის მიზანი - თითოეული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრაა.
დადგენილების მიხედვით, პირველი რანგისთვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელ სპეციალურ მოთხოვნებად - უმაღლესი განათლება და სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; მეორე რანგისათვის კი (საშუალო მმართველობითი დონე) - უმაღლესი განათლება; სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება მოითხოვება.
მესამე რანგის (უფროსი სპეციალისტის დონე) დასაკავებლად აუცილებელია უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. ხოლო მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელ სპეციალურ მოთხოვნებად - სრული ზოგადი განათლება განისაზღვრა, ამასთან აღსანიშნავია, რომ მსგავს პოზიციაზე დასასაქმებლად სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.