იტალიამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა გაზსადენის პროექტის განვითარების პირობა დადეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთიდან სამხრეთ ევროპამდე ტერიტორიას მოიცავს და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
თელავივში გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ოთხი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა და ევროკავშირის მისიონერმა კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხში მიგელ არია კანეტემ პროექტის განხორციელების პირობა დადეს.
მათი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია და იმედოვნებენ, რომ პროექტის განვითარების სრული გეგმა წლის ბოლოსთვის იქნება მზად.
„ეს იქნება მსოფლიოს ყველაზე ღრმა და გრძელი წყალქვეშა გაზსადენი“, - აღნიშნა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.
პროექტის გეგმის განვითარებაში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის IGI Poseidon-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაზის ფასმა იკლო, გაზსადენის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ფასების ზრდის მოლოდინზეა დაფუძნებული.
ისრაელმა და კვიპროსმა გაზის მოპოვება ოფშორული საბადოებიდან რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მომავალში მოპოვების ზრდას აპირებენ. ოფიციალური პირები ამ გაზის ევროპაში ექსპორტს გეგმავენ, როგორც რუსულ გაზზე დამოკიდებულების ალტერნატივას. კანეტეს განცხადებით, ეს შეამცირებს ჩრდილოეთის ნაკადზე დამოკიდებულებას.
„კვიპროსი და ისრაელი სანდო მიმწოდებლები არიან“, - აღნიშნა მან.
ოთხი ქვეყნის მინისტრები ყოველ 6 თვეში ერთხელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის კარლო კალენდას განცხადებით, გაზის საიმედო და ხელმისაწვდომი მიწოდება „მნიშვნელოვანი გამოწვევა“ იყო ქვეყნისთვის, რამაც გაზსადენის პროექტი „ყველაზე პრიორიტეტული“ გახადა.
ისრაელის საკონსულტაციო კომპანიის EcoEnergy-ის ხელმძღვანელის ამიტ მორის თქმით, მინისტრების მიერ დადებული პირობის მიუხედავად, მათ არ მოუციათ პროექტის გაგრძელების გარანტია: „ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ საოცნებო გაზსადენია, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პროექტების განვითარებას, ზოგჯერ, ათწლეულები სჭირდება“.
„3 კმ სიღრმეზე გაზსადენის გაყვანა უპრეცედენტო შემთხვევა იქნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მაღალი ინფრასტრუქტურული ხარჯები ნიშნავს გაზის ისეთ ფასს, რომელსაც გაუჭირდება რუსულ გაზთან კონკურენციის გაწევა.