უკონტაქტო პატრული, რომელიც „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქუჩებში 1-ელი ივლისიდან გამოჩნდება, სამოქალაქო ავტომობილებით იმოძრავებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ავტომანქანები შესაძლოა სხვადასხვა ტიპის და შეფერილობის იყოს, მათ შორის მოსალოდნელია, რომ ქუჩებში ზოგიერთი ტაქსის ნიშნით, ზოგიერთი კი მიკროავტობუსის სახით გამოჩნდეს.
„უკონტაქტო პატრულირება ეს არის პრაქტიკა, რომელიც ევროპულ ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და მას ყველგან აქვს დადებითი პრევენციული ეფექტი. რაც შეეხება მის შეფერილობას, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დისკრეცია და თავისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ შეარჩიოს სამოქალაქო მანქანების ტიპი, შეფერილობა - იქნება მინიავტობუსი, პიკაპი, თუ რა ტიპის მანქანა. შეიძლება ტაქსის ნიშნითაც იმოძრაოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მაგალითები, სადაც უკონტაქტო პატრულის მანქანებს ტაქსის შეფერილობა აქვს. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკაში ისეთი მანქანებიც არის, რომელთა უკანა ნახევარი ტაქსის ფერებშია შეფერილი, წინა ნახევარი კი პოლიციის ფერებში და როცა თქვენ დარღვევით გაუსწრებთ ამ მანქანას და გგონიათ ტაქსი, აღმოჩნდება, რომ ის არის სინამდვილეში საპატრულო პოლიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და ის ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა. უკონტაქტო პატრული ერთ-ერთია, რომელიც პრაქტიკაში ახალი ცვლილებებით ინერგება. კიდევ ერთი რეგულაციით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოდის.