2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ზურაბ ალავიძე საქმიანობის ანგარიშსა და გეგმებზე საუბრობს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017-2020 წლებში დაგეგმილ პროექტებზე.
,,2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აქედან 350 კილომეტრი იქნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, 750 კილომეტრი - რეგინული მნიშვნელობის გზები. დამატებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. აღნიშნული პროექტების განხორციელება შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს”, - განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, ყველა პროექტის განხორციელება რეგიონებში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას უკავშირდება.