შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება , რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 7 მარტს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 6.75 %-ზე დატოვა.
როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს.
ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 7 მარტს თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან.
როგორც სებ-ში განაცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შემდეგ, ასევე არ შეცვლილა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, 21 201 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალა.