2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენებში გამსვლელი ქულა 21-ის ნაცვლად 19 იქნება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, უცხო ენის გამოცდაზე გამსვლელი ქულის შემცირება მაქსიმალური ქულის 100-დან 90-მდე შემცირებამ განაპირობა.
ამასთან, უცხო ენის გამოცდაზე მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება.
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები); შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი. მე-8 დავალება კი, რომელიც ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) სწორ გრამატიკულ ფორმებში ჩასმას გულისხმობდა, არჩევითი გახდება ანუ აბიტურიენტს 4 შესაძლო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს.
კიდევ ერთი ცვლილება წელს ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგანს „სახვით და გამოყენებით ხელოვნებას“ შეეხება. გამოცდის ხანგრძლივობა ხელოვნებაში წელს 3 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 3 საათი იქნება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : ცნობარი აბიტურიენტებისათვის
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა