საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე თავმჯდომარედ ზურაბ ნასარაია და გამგეობის წევრები აირჩიეს.
როგორც საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი იუწყება, ყრილობის მუშაობაში 145 დელეგატი მონაწილეობდა. ყრილობაზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის 2017-2021 წლების სამოქმედო პროგრამა დამტკიცდა, წარმოდგენილი იქნა საკონტროლო-სარევიზიო კომისიისა და კავშირის გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საფრანგეთის რკინიგზის პროფკავშირები UNSA, უნგრეთის, ლიტვის, ბელორუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზელთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი და რკინიგზისა და რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი.
ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბენოიტ ვიენნემ მხარდამჭერი სიტყვით მიმართა ყრილობას და აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის.