ებრაელი ბიზნესმენი საქართველოში აგროტურიზმის აღორძინებას გეგმავს

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ბიზნესმენი, ივი თეთრუაშვილი საქართველოში აგროტურიზმის განვითარებას იწყებს.

როგორც ბიზნესმენმა bpn.ge -ს განუცხადა, პირველ ეტაპზე სამი სოფლის სასტუმროსა და სადემონსტრაციო ფერმის მშენებლობას გეგმავს. პირველი ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი კახეთში, კერძოდ, სოფელ იყალთოში უკვე შეარჩია.

”10 ჰა მიწის ნაკვეთი მოვიძიე, სადაც პირველ ეტაპზე ვიზიტორთა ცენტრს, ანუ მცირე რესტორანსა და სადემონსტრაციო დარბაზს ავაშენებთ. იქ გამოფენილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მოწეული და წარმოებული პროდუქცია. ასე რომ, უცხოელ ტურისტს კაკლის მურაბისა თუ ბოსტნეულის დასაგემოვნებლად სოფლიდან სოფელში სიარული არ მოუწევს. ამასთანავე, ახლოსაა ორი პატარა ტბა, რომელსაც სათევზაოდ იყენებენ, თუმცა, მისასვლელი გზა არ არის. მთავრობას მისი რეაბილიტაციისთვის დახმარებას ვთხოვთ”, - განაცხადა ებრაელმა ბიზნესმენმა.

მეორე ეტაპზე თეთრუაშვილი მცირე სასტუმროს მშენებლობასაც აპირებს, სადაც ღამის გათევა ხელსაყრელ ფასად, დაახლოებით, 50 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, საჩვენებელ ფერმას, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, რათა ადგილობრივი მკვიდრები გაეცნონ და თავადაც გამოიყენონ.

”ისრაელი ამ მხრივ ძალიან დაწინაურდა და ვაპირებთ ტექნოლოგიები საქართველოშიც შემოვიტანოთ. თუმცა, ძალიან საფრთხილო ამბავია, მათი მეშვეობით, შეგვიძლია, ძალიან დიდი მოსავალი მოვიყვანოთ, მაგრამ ხარისხიანი ვერ იქნება, არადა, დღეს მსოფლიოში უკვე მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტებზეა. შესაბამისად, ბალანსის დაცვა და ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწევს”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, მომდევნო ობიექტებისთვის მიწას რაჭასა და დასავლეთ საქართველოს რომელიმე რეგიონში შეარჩევს. სულ სამივე გესთჰაუზში, სავარაუდოდ, მილიონი დოლარის ინვესტირება მოუწევს. იმავდროულად, მომავალ პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს, ან მიწა მიყიდონ, ან თავად შევიდნენ ამ კაპიტალით კომპანიაში.

”ეს არ არის დიდი ინვესტიცია, თუმცა, ვფიქრობ, წარმატებული გამოდგება. აგროტურიზმი კარგად მუშაობს იტალიასა და რიგ ქვეყნებში, საქართველოს სინამდვილეშიც ყველაზე მეტად გაამართლებს, ის მოსახლეობის გაცილებით დიდ ფენას მოიცავს და სოციალური პრობლემების გადაჭრის გზაა. დიდ ბიზნესს დიდი ფული მოაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებისთვისაა” , - განაცხადა ებრაელმა საქმოსანმა.

ივი თეთრუაშვილი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად 10 წლის ასაკში გადავიდა, თუმცა, როგორც თვად აცხადებს, ნოსტალგია არ ასვენებს და სურს, თავისი ფული მეორე სამშობლოს ეკონომიკაში ჩადოს.