არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სახელმწიფო საწარმოებისა და სახელმწიფო ვალის ზრდის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, სახელმწიფო ვალის განმარტება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო ვალის განმარტებას არ შეესაბამება.
„მათი განმარტებით სახელმწიფო ვალი მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს, რომელიც ვალში გაითვალისწინება როგორც არაცხადი-პირობითი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება მთავრობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გადახდისუუნარო იქნება ან მოხდება მისი დეფოლტი, მაშინ სახელმწიფოს მათი დაფარვა თავად მოუწევს.
„საქართველოს სახელმწიფო ვალში სახელმწიფო საწარმოების ვალები გათვალისწინებული არ არის. თუ სახელმწიფო საწარმოების ვალების გარეშე სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%-ია, საწარმოების ვალების გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებლი უკვე 54%-ია, რაც სახელმწიფო ვალის ინდიკატორების ზოგიერთ კრიტიკულ ზღვარს მიღმაა.
„სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საწარმოების ვალების დაფარვის რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდება, მაშინ როცა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით უამრავი კითხვები და პრობლემებია, როგორიცაა: 65 სახელმწიფო საწარმოდან 38% რისკიანია, რომელთა სასესხო ვალდებულებებიც მშპ-ს 9%-ია; ნახევარზე მეტ საწარმოზე ფინანსური ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება; კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოების დაარსების კრიტერიუმებს და მიზნებს; არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა და სხვა.
„შედეგად, თუ სახელმწიფო ვალის განმარტებაში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი გარკვეულწილად შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ რატომაც არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება,“-ნათქვამია კვლევაში.