საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას. როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ კახეთში, წინანდალში გაიმართება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს. შეხვდება რეგიონის ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პირადად გააცნობს მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას და ინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
კობა გვენეტაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მიიღო.
”კომუნიკაციის ამგვარი ფორმა ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.