ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ, ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე - „ნაბეღლავი“, მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
„საქპატენტის“ ცნობით, ქართული მინერალური წყლის დასახელება ,,ნაბეღლავი“ ჩინეთში არაკეთილსინდისიერი განზრახვით ორი ჩინური კომპანიის სახელზე იყო რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში ,,ნაბეღლავის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით 2016 წელს შეიტანა განაცხადი.
ამასთან, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ უწყებაში ჩინურ კომპანიებსაც უჩივლა და აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება მოითხოვა. შედეგად, უწყების წინასწარი გადაწყვეტილებით, ,,ნაბეღლავის“ რეგისტრაციები ორივე ჩინურ კომპანიას გაუუქმდა.