უკვე რამდენიმე თვეა თუშური გუდის ყველი ექსპორტზე ამერიკაში გადის და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გუდის ყველის წარმოების თითქმის მივიწყებული ტრადიცია კოოპერატივ „ალაზნისთავის“ დამფუძნებლებმა აღადგინეს. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმო თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარეობს. კოოპერატივამდე 15 კილომეტრის მანძილზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, პროდუქციის ტრანსპორტირება ცხენების საშუალებით ხდება.
დეტალებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ალაზნისთავის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი აბულიძეს ესაუბრა.
ამჟამად რამდენი სახეობის ყველს აწარმოებთ და როგორია პროდუქციის წლიური წარმადობა?
კოოპერატივი ალაზნისთავი 2016 წლიდან ტრადიციულ თუშურ გუდის ყველს სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტის დაცვით აწარმოებს. „ენპარდის“ პროგრამის, ასევე დონორი ორგანიზაციების „ოქსფამისა“
და „ელკანას“ მხარდაჭერით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბრენდი „ალაზნისთავი“. ამჟამად 4 სახეობის ყველს ვაწარმოებთ. ესენია: სვილობი, ლარტუშო, დოვნა და ჩოგი. პროდუქციის წლიური წარმადობა დაახლოებით 6 ტონაა. ახლო მომავალში წარმოების 15 ტონამდე გაზრდას და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას ვაპირებთ.
სად იყიდება „ალაზნისთავის“ გუდის ყველი და როგორია პროდუქციის ფასები?
ალაზნისთავის გუდის ყველის რეალიზაცია თბილისის სუპერმარკეტებში ხდება. ასევე, ოქტომბრიდან პროდუქცია გადის ექსპორტზე ამერიკაში. კერძოდ, კალიფორნიაში. ახლო მომავალში კი თუშური წარმოების
გუდის ყველი ისრაელსა და რუსეთში გაიყიდება. რაც შეეხება ფასებს, ადგილობრივ ბაზარზე ერთი კილოგრამის ფასი 18-დან 30 ლარამდე მერყეობს.
როგორია წარმოების პროცესი?
შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გუდის ყველის დამზადების მეთოდი მივიწყებული იყო. ფაქტიურად აღარ ხდებოდა გუდაში ყველის დავარაგება. გუდა ჩანაცვლებული იყო სხვადასხვა ჭურჭლით, ასევე პოლიეთინელის პარკითაც.
ჩვენ ავაშენეთ ტრადიციული თუშური გუდის ყველის თანამედროვე სტანდარტების ქარხანა. ყველის დავარაგება ხდება გუდებში. გუდის ყველის ე.წ. დამწიფებას მინიმუმ 60 დღე სჭირდება. შესანახად გუდა საუკეთესო ჭურჭელია. მხოლოდ ამ მეთოდითაა შესაძლებელი ნამდვილი გუდის ყველის დამზადება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია ფალსიფიკაციის მცდელობები. პოლიეთილენის პარკში გამოყვანილ ყველს გუდის ყველად ასაღებენ, რაც ძალიან ცუდია.
როგორია კოოპერატივის სამომავლო გეგმები?
გარდა ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისა, ვგეგმავთ გუდის ყველის გადასამუშავებელი და შესაფუთი საწარმოს აშენებას კახეთში, კერძოდ კი სოფელ ალვანში. საწარმო თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით
იქნება აღჭურვილი.
ახლო მომავალში ვგეგმავთ „თიბისი ბანკის“ პროგრამა
„სტარტაპერის“ სტარტაპ სესხით სარგებლობას. ამ თანხას, რა თქმა უნდა, საწარმოში ინვესტირებისთვის გამოვიყენებთ.
ევროპული ბაზრის მიმართულებითაც ვაპირებთ მუშაობის გააქტიუებას. ევროპის ქვეყყნებში რძის პროდუქტის შეტანა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ჩვენ მათ ყველა მოთოვნას და რეგულაციას დავიცავთ, შესაბამისად, ვფიქრობ შანსები ამ კუთხითაც რეალურია.
ქრისტინე გამთენაძე
#გვეამაყები #სტარტაპერი
ფოტოები: ADvan/ედვენი