სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევა არ აიკრძალება

დახურული ტიპის შენობებიდან მოწევა სამორინეებსა და ე.წ. სიგარბარებში იქნება დაშვებული , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე მუშაობისას გაიზიარეს ბიზნესასოციაციების წამომადგენლების პოზიციები და არგუმენტები.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან და მათი პოზიციები და არგუმენტაცია გარკვეულწილად გავიზიარეთ კონკრეტულად სამორინეებსა და სიგარბარებთან მიმართებაში. რაც შეეხება სამორინეებს, აქ ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ეს არის სამასპინძლო ბიზნესის საკითხი, მისი კლიენტები, იგივე ბათუმში, ძირითადად, არიან უცხოელი სტუმრები და მათ კონკურენციას გაუწევდნენ სხვა ქვეყნებში არსებული კაზინოები, სადაც მოწევა დაშვებულია და შესაძლებელი იყო, რომ ამ ბიზნესს დიდი ზარალი მიეღო. იყო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამორინეებში შედის შეზღუდული კონტიგენტი, იქ ბავშვებსა და არასრულწლოვნებს ისედაც არ უშვებენ.

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ აქ საუბარია მხოლოდ სამორინეებზე, ანუ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც აქვთ სამორინეს ლიზენცია, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ანალოგიურად იქნება სიგარბარი, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი. იქ არ იქნება დაშვებული საჭმელი, არამედ იქნება მხოლოდ სასმელი და სიგარა. ასეთი ტიპის დაწესებულების გასახსნელად იქნება საჭირო ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი კაფისთვის სიგარბარის დარქმევა, ეს ე.წ. ხვრელები რომ არ ყოფილიყო კანონმდებლობაში, ამიტომ აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვა და მოხდება მისი შემოწმება, რამდენად ხდება მისი დაცვა“, - განაცხადა ზოიძემ.

როგრც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, მთავრობასთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა, მათი ზოგიერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, ზოგი რამ კი მთავრობამ გაიზიარა და შესაბამისად, შეჯერდნენ იმ ვარიანტზე, რომელიც დღეს იქნება კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი მუხლობრივი განხილვისთვის.

რაც შეეხება მთავრობის შენიშვნებს, აკაკი ზოიძის თქმით, მოხდა მათი შენიშვნების გაზიარება ვადებთან მიმართებაში, ასევე ელექტრონული სიგარეტის რეგულირებასთან მიმართებაში და ა.შ.

„არ გავიზაირეთ ჩილიმბარებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები და დარჩა ისე, როგორც არის. გარდა იმისა, რომ ჩილიმბარები პრობლემატური თემაა, ასევე ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით, ასე რომ ამ მიმართულებით მთავრობამ ჩვენი შენიშვნები გაიზიარა“, - განაცხადა ზოიძემ.