„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი ფაქტობრივად, არამწეველების დაცვისთვისაა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.
როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, არსებობს, ერთი მხრივ, ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და მეორე მხრივ, ვალდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმისთვის, რომ შექმნილი იყოს უსაფრთხო გარემო.
„უსაფრთხო გარემოს შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ვრცელი იქნება ქვეყანაში თამბაქოსგან თავისუფალი სივრცეები. ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა ის, რომ შევქმნათ დადებითი გარემო იმით, რომ თამბაქოს მოწევა რაც შეიძლება შეზღუდული იყოს იმ სივრცეში, რომელშიც თამბაქოს მწეველების გარდა არსებობენ არამწეველი ადამიანები. ეს კანონპროექტი ფაქტობრივად, არის არამწეველების დაცვისთვის და რაც მთავარია, ეს კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ერთვებოდეს მოწევის პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. 8 წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას, 13 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მწეველები არიან და მათი რაოდენობა კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ამიტომ ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია მთელი რიგი ღონისძიებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევაფერხოთ თამბაქოს მოწევის მიმზიდველი გავლენა ახალგაზრდებზე“, - განაცხადა მაღრაძემ.