არჩილ თალაკვაძე - ავტოსკოლებთან მიმართებაში საჭიროა ახალი, ერთიანი სტანდარტის დანერგვა

ავტოსკოლებში სწავლის ხარისხის განვითარების მიზნით ახალი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა იწყება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლი ავტოსკოლებმაც უნდა ითამაშონ, სადაც ერთიანი სტანდარტის დანერგვა აუცილებელია.

მისივე განმარტებით, "ავტოსკოლების პასუხისმგებლობა დიდია - სანამ მძღოლი საჭეს მიუჯდება, ის ავტოსკოლაში სწავლებას გაივლის და მართვის მოწმობის გამოცდისთვის ემზადება, ამიტომ, ავტოსკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხი და საიმედოობა ბევრად განაპირობებს უსაფრთხო მოძრაობას".

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა მხარეს შორის არსებობს კონსესუსი და სამუშაო პროცესმაც გვიჩვენა, რომ ავტოსკოლებში სასწავლო პროცესი და ცოდნის მიწოდების ხარისხი უნდა იყოს ერთიან სტანდარტში მოყვანილი - უნდა შეიქმნას გარკვეული საბაზისო სტანდარტი, რომელსაც დააკმაყოფილებს ყველა ავტოსკოლა, რადგან როცა ჩვენ ვართულებთ მართვის მოწმობის გამოცდას და ის რეალურ მოძრაობაში გადაგვაქვს, როცა ვლაპარაკობთ, რომ ბევრ მძღოლს არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და ისინი მაგალითად, მანევრირების წესებს ხშირად არღვევენ და ეს ავარიების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია; თავისთავად ჩნდება აუცილებლობა, რომ მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდისთვის მძღოლის სათანადოდ მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ საჭესთან დაჯდეს და გამოვიდეს საგზაო მოძრაობაში. ეს რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ პარლამენტის ან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე. საკითხი ეხება ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და განათლების სამინისტროს. ეს არის საკითხი, რომელზეც დისკუსია და სამუშაო შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა თალაკვაძემ და იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტი დროულად დაინერგოს.