სამოქალაქო პლატფორის - „ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობის 4 მილიონერს შორის ერთ-ერთი სამგორის რაიონის გამგებელი, გიორგი ბაგრატიონია.
აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 26 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 39 144,44 ლარი შეადგინა. 2017 წლის 24 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბაგრატიონი ფლობს - 900 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს შინდისში; 204 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 12 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში და ამავე მისამართზე მდებარე 38 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს.
დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ ორ ანაბარზე ჯამში 7 838.74 ლარი ჰქონდა; საკრედიტოზე - 10 000 ლარი; მიმდინარე ანგარიშზე - 11 860,46 ლარი; „თი-ბი-სი“ ბანკის საკრედიტოზე - 5 000 და 4 160 ლარი; სახელფასო ანგარიშზე კი - 4 160 ლარი ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამგორის გამგებლის შემოსავალი 2016 წლის განმავლობაში შ.პ.ს. „თიელჯის“ მთავარი მენეჯერის პოზიციაზე - 50 131 ლარი იყო; გასული წლის 1 იანვრიდან 25 მაისის ჩათვლით კი, მისმა შემოსავალმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე - 24 555,56 ლარი შეადგინა.
ამასთან, შვილების სწავლის გადასახადის სახით მისი წლიური გასავალი 6 000 ლარი იყო.
გიორგი ბაგრატიონს ჰყავს მეუღლე - თამარ საბახტარიშვილი და შვილები - მუხრან და ელენე ბაგრატიონები. თამარ საბახტარიშვილი ფლობს 187 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი lEXUS RX400.
დეკლარაციის შევსების მომენტში, გამგებლის მეუღლეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 3 980 ლარი ჰქონდა; მისი შემოსავალი კი ს.ს „არდი და დაზღვევის“ სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე, 2016 წლის განმავლობაში 9 000 ლარი იყო.