მთავრობა საერთაშორისო განათლების ცენტრს შექმნის და სტუდენტურ საცხოვრებელს ააშენებს

საერთაშორისო განათლების ცენტრი, სტუდენტური საცხოვრებელი რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, 6 თვიანი სამთავრობო სტაჟირების პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის და Facebook აპლიკაცია, რომლის მეშვეობით სტუდენტები პრემიერს საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს გააცნობენ - ეს ის ინიციატივებია, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სტუდენტებს გააცნო.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

”გადავწყვიტე დავაფუძნო საერთაშორისო განათლების ცენტრი, სადაც მოხდება ყველა ფინანსური რესურსების აკუმულირება. დამატებით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაცია. ეს ცენტრი უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომლებსაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა. სახელმწიფო დააფინანსებს სტუდენტების სწავლას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ. პირველ რიგში დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებზეც დეფიციტი გვაქვს დღეს ქვეყანაში,” - მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საჯარო სექტორში უკვე დაწყებულია კვლევები იმის გამოსავლენად, რა მიმართულებების სპეციალისტები ესაჭიროება დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად.

”ამ ინიციატივაში, ამ პროექტში ჩადებული იქნება პირობა, რომ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და ჩაერთვებიან სახელმწიფოს საქმიანობაში. ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას. ეს იქნება ჩვენი ვალდებულება, ჩვენს მიერ დაფინანსებული სტუდენტები დაბრუნდებიან საქართველოში და ჩადგებიან სახელმწიფოს სამსახურში,” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც ქვეყნის ”ყველაზე დიდი აქტივია” და გაფანტულია მთელს მსოფლიოში.

"მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი წავიდა საზღვარგარეთ და იქ დარჩა. მათ მოუწიათ დარჩენა, რადგან ისინი ვერ ხედავდნენ და შესაძლოა, დღესაც, ჯერ კიდევ ვერ ხედავენ პერსპექტივას საქართველოში. ამიტომ, ჩემი სურვილია პირადად და ჩემი გუნდის, რომ მოხდეს ამ რესურსების კონსოლიდაცია და ამ ადამიანური რესურსის გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა პრემირ-მინისტრმა.

გარდა ამისა, პრემიერმა გადაწყვიტა, აშენდეს სტუდენტთა საცხოვრებელი რეგიონიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის.

"ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ჩვენ გვესმის, რომ ეს წლების განმავლობაში წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. საერთო საცხოვრებელი იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, სათანადო პირობებით, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცეთ," - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება სტაჟირების სამთავრობო პროგრამას, ამ პროგრამის ფარგლებში წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში. სტაჟიორები შეირჩევიან აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

"ჩვენ ვეძებთ წარჩინებულ სტუდენტებს პირველ ეტაპზე. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟიორი მიიღებს სერთიფიკატს და რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივა ექნება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიმართვის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს უთხრა, რომ მას სურს მოისმინოს მათი აზრი, კრიტიკა, შენიშვნები კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას და ამისთვის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია.

”ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - ახალი თაობის იდეა პრემიერს - და მიუხედავად იმისა რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ვეცდები მაქსიმალურად, პირადად გავეცნო თქვენს ყველა შენიშვნას, იდეას, მოსაზრებას. თქვენი მონაწილეობა, თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,” - განუცხადა პრემიერმა სტუდენტებს.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ამერიკაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. მისი თქმით, წელს დაიწყება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც შემუშავებულ იქნა ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპანქტის ფარგლებში გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის ასათვისებლად. პრემიერის განცხადებით, ამ პროგრამის ფარგლებში მნიშნველოვანი ყურადღება დაეთმობა პროფესიული სასწავლებლების განვითარებას.