ყალბი 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.