გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო.
დედაქალაქის მსგავსად, ცენტრალური ადგილების გარევაჭრობისგან გათავისუფლება ქუთაისსა და ოზურგეთში მიმდინარეობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იგივე პროცესი ბათუმში უახლოეს მომავალში დაიწყება. მოვაჭრეებს სპეციალურ ადგილებს შესთავაზებენ სიმბოლურ თანხად - თვეში 1 ლარად.
ქალაქ ბათუმის მერიის ვაჭრობისა და საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქში გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მანამდე ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს აუცილებლად გააფრთხილებენ. მსურველებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება და შეეძლებათ ახალი ფართის შეღავათიან ფასად - თვეში 1 ლარად დაკავება.
"ალტერნატიული ფართი დღემდე არ გვქონდა გამოძებნილი და ვერ ვახერხებდით ქუჩაში არსებული დახლების დემონტაჟს. დღემდე არ შეგვიწყვეტია მონიტორინგი და როგორც კი პროცესი დაიწყება, აუცილებლად გავაფრთხილებთ მოვაჭრეებს. ახლა უკვე ფართის პრობლემა მოგვარებულია. გოგოლის ქუჩაზე აშენდა ახალი ავტოსადგური. მათ ხელმძღვანელობისა და ქალაქის მერიის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე შენობაში მოვაჭრეებს ფართი გამოეყოფათ. ისინი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სიმბოლურ თანხად, თვეში 1 ლარად შეძლებენ ადგილების დაკავებასა და მუშაობას. ავტოსადგურის ხელმძღვანელობასა და მათ შორის გაფორმდება ხელშეკრულება და არც ერთი მათგანის უფლება დარღვეული არ იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" თამაზ გოგიტიძემ.
ქალაქ ოზურგეთში კი კუსტარულად დამონტაჟებული სავაჭრო კონსტრუქციები უკვე დაშალეს. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილეს. ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოვაჭრეებს პირადად სთხოვა, საქმიანობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.
"სიტყვიერი გაფრთხილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ვადა აღდგომის დღესასწაულების ჩათვლით მიეცათ, რის შემდეგაც მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდნენ", - განაცხადეს ოზურგეთის მერიაში.
ბეგლარ სიორიძის თქმით, გარემოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ გააგრძელეს.
"ჩვენ კანონის შესაბამისად მოვიქეცით და გარევაჭრობა ავკრძალეთ. მას მოჰყვება სხვადასხვა ნეგატიური შედეგი. პირველ რიგში, არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი ზიანს აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ფერხდება როგორც საავტოტრანსპორტო საშუალებათა, ისე ქვეითთა მოძრაობის პროცესი და მახინჯდება ქალაქის იერსახე. ჩვენ მოვაჭრეებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, სადაც საშუალება აქვთ, მოწესრიგებულ გარემოში ივაჭრონ", - განაცხადა სიორიძემ.
ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დემონტაჟი ღამის საათებში ჭავჭავაძის გამზირზე, ე. წ. კეტჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
ზედამხედველობის სამსახურის უფროს ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემა ეტაპობრივად მთელ ქალაქში მოწესრიგდება. მოქალაქეებს საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიაზე სთავაზობენ, თუმცა მოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილს არ თანხმდებიან და აცხადებენ, რომ მათ ბაზარში თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.
გარევაჭრობის აღკვეთას პერიოდულად ითხოვდნენ ქუთაისის სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მოვაჭრეები, მათ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გარევაჭრობით დაკავებული ადამიანების უმეტესობისათვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"