საჯარო მოხელეებს ყოველწლიურად შეაფასებენ

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები დაამტკიცა. დადგენილება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

შეფასების წესი დაადგენს საჯარო დაწესებულებაში ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებს, შეფასების პროცედურას, შეფასების სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს, შეფასების შედეგების გასაჩივრებისა და ანგარიშგების წესებს.

დადგენილების მიხედვით, მოხელე შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც (შესაფასებელი პერიოდი) ექვემდებარება. მოხელის შეფასება კი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების დაწყებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ ხდება.

გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება კი კვარტალში ერთხელ განხორციელდება. ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გათავისუფლდება.

დადგენილების მიხედვით, შეფასების პროცესში მონაწილეობენ: მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა კი შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულს/პირს ევალება.

შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი აცნობებს მას მოხელეს, ასევე განუმარტავს შეფასების მეთოდს, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესს.

მიმდინარე შეფასება ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე მაინც უნდა დასრულდეს.

დადგენილების თანახმად, საჯარო მოხელეთა შეფასებისათვის ოთხდონიანი სისტემა გამოიყენება: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: ა) მოხელისათვის კლასის მინიჭება; ბ) მოხელის წახალისება; გ) მოხელის პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; დ) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხემლძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს.