Financial Times - ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ”ბრექსითის” ფარგლებში 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოსთხოვა

საფრანგეთისა და გერმანიის ახალი მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად, ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს „ბრექსითის“ პროცესის ფარგლებში, 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოსთხოვა. აღნიშნულის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.

„ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის უშუალო მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებების მონაწილეებმა თავიანთ თავდაპირველ გათვლებს გადახედეს და მაქსიმალურად გაზარდეს ფულადი ვალდებულებები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაფაროს“, - ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დიდი ბრიტანეთის მინისტრმა „ბრექსითის“ საკითხებში დევიდ დევისმა გააკეთა.

„დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 100 მილიარდ ევროს არ გადაუხდის. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დეტალურად განვიხილოთ უფლებები და ვალდებულებები“, - აღნიშნა დევიდ დევისმა.

დევისმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში დიდი ბრიტანეთი არ გამოდის როგორც მთხოვნელი.

„ჩვენ არ ვართ მთხოვნელები. ეს მოლაპარაკებებია. ისინი დააფიქსირებენ თუ რა სურთ მათ, ხოლო ჩვენ - რა გვსურს ჩვენ“, - განაცხადა დევისმა.