12 სამინისტროს მიერ შემცირებულმა საბიუჯეტო ხარჯებმა 55 344 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) კვლევაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად 5 სამინისტროში 2 300 საჯარო მოხელე გათავისუფლდა.
„საია“-მ საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებისა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციის შესახებ პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
მონიტორინგის მიზანს საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენდა.
მონიტორინგის პროცესში შეისწავლეს შემდეგი საკითხები: შემცირებული ფინანსური ხარჯების ოდენობა და ძირითადი მიმართულებები; რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა, ხანგრძლივობა და მოთხოვნები; რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი შერჩევის კრიტერიუმები; რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა.
12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტოების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა 55 344 000 ლარს შეადგენს.
კვლევის თანახმად, სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა - 39 მილიონი ლარი - შრომის ანაზღაურების ნაწილში შეამცირეს, რაც ძირითადად პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში გამოიხატა.
ამასთან, რეორგანიზაცია, რომელმაც შტატების შემცირება გამოიწვია, 5 სამინისტროში - თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა. შედეგად, ჯამში 2 300 საჯარო მოხელე გათავისუფლდა.
გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა 5 322 300 ლარია.
5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები სულ 3 630 000 ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება - 1 220 000 ლარით შეამცირეს. გარდა ამისა, აიპებ-ში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან ჯამში 137 თანამშრომელი გათავისუფლდა.
საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით 32 კონსულტაცია გაწია, მოამზადა სამი სარჩელი, ხოლო 2 საქმეზე საადვოკატო მომსახურება გაწია.
სარჩელები მომზადდა - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (1), რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (1) და სსიპ-ის „ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ წინააღმდეგ (1), გარდა ამისა 1 საადვოკატო საქმე წარმოებაშია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და 1 საქმე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ.
„საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
- მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;
- სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;
- სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს საჯარო მოხელეთა ფინანსურ გარანტიებსა და მოტივაციაზე, ასევე გამოიწვიოს საჯარო დაწესებულებიდან პროფესიონალი კადრების გადინება;
- მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა. მინისტრთა ბრძანებების უმეტესობა არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: რეორგანიზაციის პროცესის ხანგრძლივობა, რეორგანიზაციის ჩატარების წესი და მოთხოვნები, საკადრო აუდიტის ჩატარების აუცილებლობა და რეკომენდაციების მომზადება შტატების შემცირების საჭიროების თაობაზე;
- საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად. სამინისტროების უმეტესობა არ წარმოადგენს დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით შეირჩა და გათავისუფლდა კონკრეტული საჯარო მოხელე.
- დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე,“ - ნათქვამია კვლევაში.