80-იან წლებთან შედარებით თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა რაოდენობა 36%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის და “ურბანული ლაბორატორიის” მიერ ჩატარდა.
კვლევის – “თბილისის მეტროპოლიტენი – გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები” პრეზენტაციას დღეს თბილისის საკრებულოში წევრები და ურბანისტები ესწრებიან.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
კვლევის მიზანი თბილისის მეტროპოლიტენის შესაძლებლობების გაზრდაა, რათა ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურმა სატრანსპორტო საშუალებამ ყოველდღიურად უფრო მეტი მგზავრი გადაიყვანოს. შესაბამისად, მოხდეს მიწისზედა ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შემცირება, რომელიც ქალაქში საცობებს ქმნის.
პრეზენტაციაზე, „ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა“ გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებას მეტროპოლიტენში ერთი მგზავრის გადაყვანა 55 თეთრი უჯდება, რაც 8 თეთრით ნაკლებია, ვიდრე ავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში. დღეისთვის კი თბილისში ყველაზე მეტი მგზავრი ყოველდღე (370 000-ზე მეტი) სამარშრუტო ტაქსებს გადაჰყავთ, შემდეგ მოდის ავტობუსები, ხოლო მესამე ადგილზე კი მეტროა.
ამასთან, 80-იან წლებთან შედარებით, მეტროში მგზავრების რიცხვი 36%-ით არის შემცირებული.
ბაბუნაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, მეტროთი მგზავრთა გადაყვანა 3-ჯერ გაიზარდოს და დღეში მაქსიმუმ 640 000 შეადგინოს.
კვლევის ავტორები ქალაქის ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობენ, რომელიც მერიას გადაეგზავნება. კერძოდ, მოხდეს მგზავრთნაკადის ანალიზი, რათა ამის საფუძველზე ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია შემუშავდეს. ასევე მოხდეს მეტროპოლიტენისა და ავტობუსების ქსელის ინტეგრაცია, მეტროსადგურებთან მოეწყოს Park and Ride სისტემა, კერძოდ, მგზავრებს მეტროებთან სპეციალურ სადგომებზე ავტომობილების გაჩერება და მეტროთი სარგებლობა შეეძლოთ. მგზავრობის საფასურის გადახდის მობილური სისტემის შექმნა, მეტროპოლიტენის შშმ პირებზე ადაპტირება და სხვა.
“რამდენიმე შემადგენლობის დამატების შემთხვევაში თბილისის მეტროპოლიტენს შეუძლია 3-ჯერ გაზარდოს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ 3-ჯერ ნაკლები ადამიანი გამოიყენებს მიწისზედა ტრანსპორტს და 3-ჯერ ნაკლები იქნება საცობების რაოდენობა. კარგია, რომ მეტროპოლიტენ “უნივერსიტეტის” მშენებლობა სრულდება. თუმცა გვაქვს “მარჯანიშვილის” მეორე და “ახმეტელის” მეორე ამოსასვლელები, რომლებიც დასასრულებელია. მეტროს შესაძლებლობები მაქსიმალურად არის გამოსაყენებელი, პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, მეტრო ჩვენთან პრიორიტეტი არ არის”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.