დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება შეასრულოს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
„დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირში წევრობის დროს ფინანსური ვალდებულებები აიღო. აღნიშნული ფინანსური ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს. ეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი დეტალი იქნება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საუბარია „ერთიან ფინანსურ ანგარიშსწორებაზე“, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ყველა ფინანსურ ვალდებულებებს ეხება.
„აღნიშნული ეხება ევროკავშირის ბიუჯეტს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, ევროპის ცენტრალურ ბანკს, ევროპის განვითარების ფონდს და სხვა ფონდებს, როგორიც არის თურქეთში დევნილებისთვის განკუთვნილი ფონდი“, - აღნიშნავენ ევროკომისიაში.