2017 წლის სამ თვეში iPhone-ის გაყიდვები შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Apple-მა ნაკლები iPhone გაყიდა.

კომპანიის მონაცემებით, იანვარ-მარტში 50,8 მილიონი „აიფონი“ გაიყიდა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

„ეფლის“ გენერალური დირექტორის ტიმ კუკის შეფასებით, გაყიდვების კლება მომხმარებლების მხრიდან პაუზაა, რადგან ისინი კომპანიის შემდგომი მოდელის მოლოდინში არიან.

კუკმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად აიფონების გაყიდვების დაცემისა, მოთხოვნა Apple Watch-სა და AirPods-ზე გაიზარდა. ასევე ჩავარდნა კომპენსირდა კომპანიის ისეთი სერვისებით, როგორიცაა Apple Pay, iCloud და App store, რომელთა ზრდამაც 18% და 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბიზნეს ინსაიდერის“ მონაცემებით, „აიფონების“ გაყიდვის მოგებამ კომპანიას 33.2 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია iPhone 7 Plus-ის მაღალი ფასით.

კომპანიას რეკორდულად მაღალი მოლოდინების მიუხედავად, iPhone-ის გაყიდვების შემცირების ინფორმაციის ფონზე, „ეფლის“ აქციები ვაჭრობის დახურვის შემდეგ 2%-ით დაეცა.