პრემიერი - წელიწადზე ცოტა მეტ პერიოდში გვექნება სრულიად ახალი და სრულიად მასშტაბური ტურისტული მიმართულება „ლოპოტა“

დღეიდან წელიწადზე ცოტა მეტი პერიოდის შემდეგ გვექნება პრაქტიკულად სრულიად ახალი და სრულიად მასშტაბური ტურისტული მიმართულება „ლოპოტა“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლოპოტას ტბაზე ტურისტული კომპლექსის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტურისტული კომპლექსი ”ლოპოტა” საპარტნიორო ფონდთან ერთად იწყებს ლოპოტას კომპლექსის გაფართოების პროექტს. მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდის მხრიდან ეს იქნება დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია.

”მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან პოპულარული ტურისტული კომპლექსი. გარკვეული პერიოდის წინ მქონდა შეხვედრა დამფუძნებელთან, გოგა მაისურაძესთან, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ მიმართულების განვითარებისთვის და მას დამატებითი რესურსი სჭირდებოდა იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზა გაეძლიერებინა, რათა უკვე ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მოეხდინა განვითარების ახალი ეტაპის დაწყება.

ჩვენ დღეიდან წელიწადზე ცოტა მეტი პერიოდის შემდეგ გვექნება პრაქტიკულად სრულიად ახალი და სრულიად მასშტაბური ტურისტული მიმართულება „ლოპოტა“, რომელსაც ექნება საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზები, ექნება ღვინის წარმოება, შატო და აშ.

ეს იქნება ერთობლივი ინვესტიცია სახელმწიფოსთან ერთად და ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კომპლექსის განვითარება არის კერძო ბიზნესის დამსახურება. სახელმწიფო წაეხმარა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც საჭიროდ ჩათვალა,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.