კომპანია "ტესლას" დამფუძნებელი ილონ მასკი წლის ბოლომდე კიდევ ოთხი ახალი გიგაქარხნის მშენებლობას გეგმავს.
ამჟამად მასკი სწორედ მათთვის ადგილის შერჩევით არის დაკავებული. წლის დასაწყისში, მასკმა კომპანიის აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი-სამი ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს. მაგრამ ახლახანს, TED-ის კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ არა ორი, ან სამი, არამედ ოთხი ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს.
„წლის ბოლომდე ორი ან ოთხი ახალი ქარხნის ადგილმდებარეობას გამოვაცხადებ. ალბათ ლაპარაკი იქნება ოთხზე“, - განაცხადა მასკმა, რომელმაც როგორც ყოველთვის, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ტესლას" დამფუძნებელს არც ის დაუზუსტებია, ამ ქარხნებშიც ელექტრომობილებს და მათთვის ელემენტებს გამოუშვებს, თუ იქ ტრანსპორტის ახალი სახეობის ჰაიპერლუპის კომპონენტების წარმოებასაც გეგმავს.
იმავე კონფერენციაზე ილონ მასკმა თქვა, რომ ახალი ქარხნები, გლობალური ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იმუშავებს. შესაბამისად, მათი ნაწილი ალბათ შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა აიგება. სავარაუდოდ, ერთი მათგანი ჩინეთში განლაგდება, ერთი კი - ევროპაში, ან მის სიახლოვეს.
გასულ წელს ლეონარდო დი კაპრიოსთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მდგრადი ენერგიით მოსამარაგებლად, დაახლოებით 100 გიგაქარხნის მშენებლობა იქნება საკმარისი. მანვე სამხრეთ ავსტრალიის ხელისუფლებას, მზისგან გამომუშავებული და ელემენტებში დაგროვილი ელექტრო ენერგიით, მთელი რეგიონის შეუფერხებელი მომარაგება შესთავაზა.
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა „ტესლამ“ ბატარეების დამამზადებელი საკუთარი უზარმაზარი ქარხნის პირველი ნაწილი შარშან გახსნა. ნევადის შტატის ქალაქ რენოსთან განლაგებული ე.წ. „გიგაქარხანა“ მომავალში იმაზე მეტ ლითიუმ-იონის ბატარეას გამოუშვებს, რაც 2013 წელს, მთელს მსოფლიოში იქნა დამზადებული. ქარხნის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.
გასული წლის დეკემბერში, საქართველოში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ილონ მასკს მიმართავდნენ, რომ ევროპაში გიგაქარხნის ასეშენებელ ადგილად საქართველო შეერჩია.