ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ფულადი დახმარების გაცემის წესი დაამტკიცა.
ბრძანება, რომლის თანახმადაც ფულადი დახმარება შესაძლოა გაიცეს 6 თვეში ერთხელ, უკვე ამოქმედდა. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ წესის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ფულადი დახმარების გაცემის წესის განსაზღვრა.
ბრძანების თანახმად, ფულადი დახმარებით მოსარგებლე შეიძლება იყოს დევნილი/დევნილი ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს ფულადი დახმარების გაცემის ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს.
ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმებია: ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს; გ) ონკოლოგიური დაავადება; დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი; ე) მრავალშვილიანობა – თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი; ვ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს; ზ) ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი; თ) მარტოხელა მშობელის/ქვრივის სტატუსი.