თბილისელების უმეტესობა მაღალი ფასების გამო ბინის რემონტისას ძვირად ღირებული მასალების შეძენისგან თავს იკავებს და საშუალო ან იაფფასიანი პროდუქციით შემოიფარგლება. ხშირ შემთხვევაში, მოთხოვნა ე.წ. "კოსმეტიკურ რემონტზე" სჭარბობს, რაშიც იატაკისა და ჭერის გაკეთება არ შედის.
ნინი ბერიძემ ოროთახიანი ბინის რემონტი ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა სარემონტო მასალების სიძვირის გამო რემონტის პერიოდი ერთი წელი გაგრძელდა.
„ბინაში თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ - იატაკი, ჭერი და კედლები, საერთო ჯამში მასალებში 5 000 ლარი გადავიხადე. გასათვალისწინებელია, რომ ძვირად ღირებული მასალები არ მიყიდია. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებს ხელოსნობა ეხერხებათ და ყველაფერი მათ გააკეთეს, შესაბამისად ხელოსანში დამატებითი თანხები არ გადაგვიხდია“, - აღნიშნა ნინი ბერიძემ.
მაკა ელაშვილს 97 კვადრატულ ბინის რემონტი 18 ათას ლარამდე დაუჯდა.
„ჩემი ბინა თეთრი კარკასი იყო, შესაბამისად ყველაფრის გაკეთება დამჭირდა. აბაზანის კაფელი და სამზარეულოს მეტლახი, თავისი ხელოსნის მომსახურებით 8 000 ლარი დაგვიჯდა. რაც შეეხება იატაკს, ლამინატი გავაკეთე. მასალებში და ხელოსანში 5000 ლარი გადავიხადე.
შპალერის გაკვრა სულ 1 500 დაგვიჯდა. ცენტრალურ გათბობაში კი 3000 ათასი ლარი გადავიხადე“, - განაცხადა ელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასები. სარემონტო პროცესის დროს ყველაზე მოთხოვნადი, ცემენტის ფასი (1 ტომარა) ამ ეტაპისთვის 10 ლარიდან იწყება, 1 ტომარა გაჯის ფასი 6 ლარია, შპალერის ფასი კი 10 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ლამინატს, მისი ფასი 13 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მეტლახის ფასი კი 11 ლარიდან იწყება. სტანდარტული 15-ლიტრიანი საღებავის ფასი ბაზარზე მინიმუმ 60 ლარია.
რაც შეეხება ხელოსნის მომსახურებას, სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად ფასიც განსხვავებულია.
როგორც ხელოსანი ბექა ჯავახიშვილი „ბიზნესპრენსიუსთან“ საუბრისას ამბობს, ე.წ კოსმეტიკური რემონტის ფასი 1 კვადრატული მეტრი 10 ლარიდან იწყება.
„რაც შეეხება იატაკის გაკეთებას, ფასები აქაც განსხვავებულია. მაგალითად, პარკეტის დაგება 10 ლარიდან იწყება და სირთულიდან გამომდინარე მისი ფასი 20 ლარამდე ადის. ლამინატი შედარებით იაფია და მას 5 ლარად აკეთებენ. ე.წ პლინტუსების გაკეთება კი 1-1.5 ლარი ღირს. კაფელის გაკეთება კვადრატულ მეტრზე 15 ლარი ჯდება. რაც შეეხება ჭერის გაკეთებას, მისი ფასი მინიმუმ 10 ლარია და შესაძლოა 15-20 ლარიც ღირდეს. გააჩნია, როგორი ჭერის გაკეთება სურთ. მოთხოვნა ძირითადად კოსმეტიკურ რემონტზეა ხოლმე, რადგან მთლიანი ბინის საფუძვლიანად გარემონტება ძვირი ჯდება“, - ამბობს ბექა ჯავახიშვილი.
ლიკა ამირაშვილი